st.Nino
Geo

შინაგანაწესი (ნაწილი 2)

მუხლი 18. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება.
1.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა.
დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
ე) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა.
ვ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
ი)  ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
კ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
ლ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;
მ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა.
ნ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება.
ო) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.
პ) სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის დებულების  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
ა)   სიტყვიერი გაფრთხილება
ბ) შენიშვნა
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.
4.  დისციპლინური სახდელის სახით სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენება:
ა) დაგვიანების ერთი ფაქტისათვის;
ბ) გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის პირველი შემთხვევისთვის;
5. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა გამოიყენება: 
ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში; 
ბ) სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა;
გ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.
6. დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური გამოიყენება: 
ა) შენიშვნის შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;
ბ) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
გ) განმეორებითი შემთხვევა – სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის  წარმოების წესის დარღვევა;
დ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევა.
7. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:
ა) სამი და მეტი შემთხვევა - სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის  წარმოების წესის დარღვევა;
ბ) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის; 
გ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
გ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;
დ)  სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;
ე)  უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
ვ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა.
8.დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება: 
ა) სასტიკი საყვეურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის რაც ითვალისწინებს   დისციპლინურ სახდელს;
ბ) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში;
9.  დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:    
ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
ბ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის  შემთხვევაში;
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
11. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
12. დაუშვებელია სკოლის მიერ დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
13. დასაქმებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.
14. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 
15. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას არ არის სავალდებულო თანმიმდევრობის დაცვა; ამასთან, გადაცდომის სიმძიმის გავალისწინებით შესაძლებელია ნებისმიერი გადაცდომისთვის გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი ამ მუხლის 4-9 პუნქტებით განსაზღვრული წესის დაუცველად.

მუხლი 19. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება და მოხსნა
1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, დირექტორის მოადგილეს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება.
2. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი, გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი და მტკიცებულებები, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი.
3. ამ შინაგანაწესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და  ,,დ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დასაქმებულს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ.
4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია.
5. დისციპლინური დევნის წარმოების პროცესში დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.
6. დისციპლინური სახდელის (გარდა მე-18 მუხლის მე-3 ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების ვადაა 1 წელი. 
7. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.
8. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა  და  სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც.
9. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
10. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი. 

მუხლი 20. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება
1.  მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
ა) დაგვიანება;
ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
დ) მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
ე) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
ვ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ზ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის მე-7 მუხლის დარღვევა.
თ) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
• თამბაქოს ნაწარმი;
• ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
• სანთებელა ან ასანთი;
• ალკოჰოლური საშუალებები;
• ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
• ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
• აზარტული თამაშის საშუალებები;
• უხამსობის ამსახველი ნივთები;
• ნარკოტიკული საშუალებები;
• ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;
• ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
2. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
ა) სიტყვიერი შენიშვნა (გამოიყენება დაგვიანების, სკოლაში უფორმოდ  გამოცხადების და მობილური ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს). 
ბ) წერილობითი გაფრთხილება (გამოიყენება გაკვეთილის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში ან თამბაქოს ნაწარმის მოხმარების დროს);
გ) საყვედური (გამოიყენება ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთების ტარების, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად, ტექნიკური საშუალებების ტარების, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ძვირადღირებული ნივთების ან დიდი ოდენობით ფულის სკოლაში მიტანის, აზარტული თამაშის საშუალებების, უხამსობის ამსახველი ნივთების სკოლაში ტარების შემთხვევაში);
დ) გაკვეთილიდან გაძევება (გამოიყენება გაკვეთილის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის, ასევე სისტემატურად დაგვიანების შემთხვევაში);
ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა (გამოიყენება მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფის, ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებების, ფსიქოტროპული საშუალებების (ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე), .ნარკოტიკული საშუალებების ტარების ან/და გამოყენების შემთხვევაში);
ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება (გამოიყენება სკოლის ქონების ან/და შენობის შეგნებული დაზიანების შემთხევაში);
ზ) საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით (გამოიყენება მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში);
თ)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (გამოიყენება ზემოაღნიშნული გადაცდომების სისტემატურად განმეორების შემთხვევაში);
3. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მუხლი 21.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება
1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია ამ შინაგანაწესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება უნდა შეიცავდეს ამ შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.
2. ამ შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს.
3. ამ შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს, დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელი.
4. ამ შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე–2  პუნქტის ,,ა“, ,,ბ“,,,გ“ და ,,ე“ (5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის  მე-20 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე“ (5-10 დღემდე სკოლიდან დათხოვნა), ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მოსწავლეს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის მიერ; 
5. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. 
7. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
8. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
9. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
10. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები.
11. მასწავლებლის მიერ ამ შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე–2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. 
12. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

მუხლი 22. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას:
ა) თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, აქვს გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც; 
ბ) ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.
2. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია კლასის დამრიგებელს,  მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს,  საგნობრივ კათედრებს, დირექტორის მოადგილეს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით); 
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

თავი 9. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები
მუხლი 23. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
1. სკოლაში პირველ კლასში მოსწავლეები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან. მოსწავლის პირადი საქმის აღრიცხვას და წარმოებას ახორციელებს სკოლის ადმინისტრაცია.
2. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
დ) დაბადების მოწმობის ან პიდადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და მათი საკონტაქტო მონაცემები;
ზ) სსსმ მოსწავლის შემთხევაში - მისი ჯანმრთელობის ცნობა.
3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე. 
4. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) მოსწავლის პირადი საქმე;
ბ) მიმდინარე შეფასება;
გ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
დ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
5. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.  
6. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება  დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
7. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

თავი 10. უსაფრთხოების ღონისძიებები
მუხლი 24. პირადი გასინჯვა
1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.  
2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. 
3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. 
4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. 

მუხლი 25. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. სკოლა ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
2.  სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება. 
4. დასაქმებული ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები
გ)  გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;
დ)  კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან.
5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
6. სკოლაში  წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია: 
ა) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე; 
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; 
გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

მუხლი 26. საჯაროობა
1. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
2. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ამ შინაგანაწესის გაცნობა მოსწავლეებისა და დასაქმებულებისთვის.